ბერლინის ლიტერატურის ფესტივალზე, Stadt Land Buch 2016 საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით წარდგება. მიმდინარე წლის 13-20 ნოემბერს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციასთან (ბერლინი-ბრანდენბურგი) და ლიტერატურულ სააგენტოსთან Antas Bindermann Listau GbR თანამშრომლობით, ბერლინის ფესტივალისთვის დაგეგმილ სპეციალურ ქართულ პროგრამაში 11 თანამედროვე ავტორი და ხელოვანი მონაწილეობს.
ერთი კვირის განმავლობაში, გერმანული აუდიტორიის წინაშე საკუთარ შემოქმედებას ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ბექა ადამაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ლიანა სტურუა, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ანრი ლომია, დავით ადამაშვილი, კოტე ჯანდიერი და დიანა ანფიმიადი წარადგენს. ქართული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ხუთი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება ბერლინის სხვადასხვა ცნობილ სახელოვნებო სივრცეში - Deutsches Theater, TAK, Babylon Kino, Literaturhaus Berlin, Buchhändelerkeller გაიმართება. ღონისძიებებს მოდერაციას წამყვანი გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი, კნუტ ელსტერმანი, კოლია მენსინგი, დანიელა სილი და გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გაუწევენ.
ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე ნინო ხარატიშვილი რომანით „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ და ლაშა ბუღაძე „ლიტერატურულ ექსპრესით“ წარდგებიან; დებიუტანტის სალონში ბექა ადამაშვილი „ბესტსელერით“, წიგნი და კინოს ფორმატში კი ნანა ექვთიმიშვილი რომანით „მსხლების მონდორი“ და ფილმით „გრძელი ნათელი დღეები (In Bloom)“ მონაწილეობს. ტორესა მოსის ბენდის ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით გაიმართება ლია სტურუასა და რატი ამაღლობელის პოეზიის და თავად ტორესა მოსის პროზის საღამო. ლიტერატურულ ღონისძიებას მუსიკალურად ტორესა მოსისთან ერთად ანრი ლომია და დავით ადამაშვილი გააფორმებენ. ქართული პროგრამის ბოლოს გაიმართება კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციის“ კითხვა და დიანა ანფიმიადის „პირადი კულინარიის“ წარდგენა, რომელიც კულინარიული შოუთი დასრულდება. ტექსტებს მხატვრულად ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი წაიკითხავს.
ქართული პროგრამა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გერმანიის გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციასთან (ბერლინი-ბრანდენბურგი) და ლიტერატურულ სააგენტოსთან Antas Bindermann Listau GbR თანამშრომლობითა და ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების - „პალიტრა L“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” და გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის „ქართული პროდუქტი“ მხარდაჭერით ხორციელდება.
ბერლინის ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში 150 ლიტერატურული და კულტურული ღონისძიება გაიმართება.
დეტალური ინფორმაცია ქართული პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე