სიახლეები

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარსდგება. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის დაგეგმვის მიზნით, წლევანდელი ქართული პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. ქართული პროგრამა 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“, გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის „ქართული პროდუქტი“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გაიმართება ბიზნეს საუზმე, რომელსაც უკვე დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული გერმანელი, იტალიელი, ფრანგი, ბრიტანელი და ათამდე ქართველი გამომცემელი დაესწრება. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უცხოელ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებულ კატალოგებს (Books from Georgia 2016, Children’s Books from Georgia 2016, Georgian Book Market Research 2016) გადასცემს და მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს. შეხვედრაზე ქართული საგამომცემლო ბაზრის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა ისაუბრებს, ქართველი ავტორების შესახებ კი ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ექვსი ქართული გამომცემლობის (პალიტრა L, ქარჩხაძის გამომცემლობა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, ინტელექტი) წარმომადგენელი მიაწვდის. ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები და პირისპირ მოლაპარაკებები.

ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით, კი საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართება დისკუსია - კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ Georgian Fiction in 30 Minutes. დისკუსია არაფორმალურ რეჟიმში წარიმართება და მას ცნობილი გერმანელი გამომცემელი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე წარუძღვება. უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ლიტერატურულ აგენტებს ქართველ მწერლებს და მათ შემოქმედებას მთარგმნელი და სცენარისტი დავით გაბუნია გააცნობს. ეროვნულ სტენდზე ასევე გაიმართება მიღება საქართველოს სახელით, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

ასევე დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება, მონაწილეები გერმანიის, რუმინეთისა და საქართველოს საბავშვო წიგნის ბაზარს მიმოიხილავენ და უმსხვილეს გერმანელ გამომცემლებს (Knesebeck Verlag, Loewe Verlag, Ravensburger Buchverlag, NordSüd Verlag, Magellan Verlag) ქართულ საბავშვო წიგნებს წარუდგენენ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრებიან.