სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გერმანიის კულტურული ინსტიტუციების ხელმძღვანელები საქართველოს სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრებს ეცნობიან.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის რეკომენდაციით, თბილისს სამდღიანი ვიზიტით გერმანიის თანამედროვე ხელოვნების, კომუნიკაციების, ხატების, კინოს, შტედელის, Mousonturm მუზეუმებისა და ფრანკფურტის მერიის კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლები სტუმრობენ.

დაგეგმილი კულტურული და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, სტუმრები შეხვდებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძესა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორს, მედეა მეტრეველს, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ლიტერატურის მუზეუმის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს ეროვნული არქივის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის,თანამედროვე ხელოვნების ცენტრისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს. ასევე გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან და სახელოვნებო სფეროში მოღვაწე პირებთან. გაეცნობიან საქართველოს როგორც მრავალსაუკუნოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას, ასევე თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს; დაათვალიერებენ სხვადასხვა ცენტრსა და მუზეუმში დაცულ უნიკალურ კოლექციებსა და საცავებს.

გერმანელი სტუმრების ვიზიტის მიზანია, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის ფარგლებში კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუციასთან ერთობლივი გამოფენებისა და თემატური პროექტების დაგეგმვა.