სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 11-დან 17 აპრილის ჩათვლით ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი სპეციალური ლიტერატურული პროგრამით “Where Europe Meets Asia: Georgia 25 - A Cultural Feast in London marking 25 Years since the Restoration of Georgia’s Independence” აღინიშნება.

პროექტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის თემასთან დაკავშირებული დისკუსიების ციკლი და ქართული კინემატოგრაფიის რამდენიმე ნიმუშის ჩვენება. ქართული წარმოშობის ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი, აკა მორჩილაძე, ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და ზურაბ ქარუმიძე უცხოელ კოლეგებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს ისტორიისა და კულტურის ყველა მნიშნელოვან ეტაპს გააცნობენ; მათ შორის, საუბარი შეეხება „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელობას და სტალინიზმის ეპოქას, უახლესი იტორიიდან კი საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. ქართველი მწერლები საქართველოს მსოფლიო კონტექსტში განიხილავენ და ქვეყნის ევროპულ გზაზე, მის კულტურულ და პოლიტიკურ პერსპექტივებზე ისაუბრებენ.

ქართველი ავტორები ისტორიული მოვლენების თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ასახვის ტენდენციებს განიხილავენ და ყურადღებას კონკრეტულ ნაწარმოებებზე გაამახვილებენ.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართული ფილმების, მათ შორის - მოგზაურობა ყარაბაღში, მონანიება, ნატვრის ხე, ვედრება, მოირა, ნეტავ იქ არის თეატრი? - ჩვენება.

შეხვედრები და დისკუსიები ლონდონის ევროპის და აზიის სახლებში გაიმართება. კინოჩვენებებს კი Regent Street Cinema უმასპინძლებს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და მხარდაჭერით დაგეგმილი ლიტერატურული პროექტის Where Europe Meets Asia: Georgia 25 დირექტორია “The Guardian”-ის ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი კულტურის სფეროში მაია ჯაგი. პროგრამის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში, Asia House, Europe House, Life Through Cinema, Regent Street Cinema.

პროექტი ლონდონის წიგნის ბაზრობის პარალელურად განხორციელდება, სადაც საქართველოს სტენდი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით წარდგება. ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის 100-მდე უცხოენოვანი გამოცემა და ქართველი გამომცემლების წიგნები.