სიახლეები

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი დაათვალიერეს. მედია ტურს, რომელსაც წამყვანი გერმანულენოვანი და საერთაშორისო მედიის 130-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა უმასპინძლეს.
 
გია ბოხუამ ჟურნალისტებთან პავილიონის კონცეფციის შექმნის იდეაზე ისაუბრა და დეტალურად დაათვალიერებინა პავილიონის ერთიან დარბაში ინტერგრირებული შინაარსობრივად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე სივრცე.

მედეა მეტრეველმა მედიის წარმომადგენლებთან პავილიონში დაგეგმილი პროგრამის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ავტორები უცხოელ მკითხველს საკუთარ შემოქმედებას ორი სცენიდან გააცნობენ.

პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინოს ქართულ ხმოვანებას, დაათვალიეროს მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივცეში გამოიფინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭრით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი. მულტიმედიურ სივრცეში დამთავლიერებელი სპეციალური ვიდეო რგოლების საშუალებით იხილავს თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ გამოხატულ სხვადასხვა ემოციას.

პავილიონის სტუმრებს საშუალება ექნებათ სპეციალურ ღია ბარათებზე ქართული ასონიშნები დაიტანონ და მათთვის სასურველი მინაწერები გააკეთონ. ყოველი დღის ბოლოს ქართულ პავილიონში მასშტაბურ ლიტერატურულ პროგრამასთან ერთად, საინტერესო და ორიგინალური მუსიკალური და კულინარიული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. პავილიონის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებას ბექა გოჩიაშვილის ჯაზ ბენდი, ნიკა მაჩაიძე და ნატალია ბერიძე, დიჯეი გიგი ჯიქია და Masterknot და ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები გააცნობს.