სიახლეები

ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 დასრულდა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ მხარდაჭერით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარსდგა. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის დაგეგმვის მიზნით, წლევანდელი ქართული პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. ქართული პროგრამა 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“, გერმანიაში ქართული ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის „ქართული პროდუქტი“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდება.

ბაზრობის ფარგლებში, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, გაიმართა ბიზნეს საუზმე, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული გერმანელი, იტალიელი, ფრანგი, ბრიტანელი და ათამდე ქართველი გამომცემელი დაესწრო. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველმა უცხოელ სტუმრებს ცენტრის მიერ მომზადებული კატალოგები (Books from Georgia 2016, Children’s Books from Georgia 2016, Georgian Book Market Research 2016) გადასცა და მიმდინარე წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა; ქართული საგამომცემლო ბაზრის შესახებ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გვანცა ჯობავამ ისაუბრა, ქართველი ავტორების შესახებ კი ევროპელ კოლეგებს ინფორმაციას ქართული გამომცემლობის (პალიტრა L, ქარჩხაძის გამომცემლობა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, დიოგენე, გამომცემლობა წიგნები ბათუმში, ინტელექტი) წარმომადგენლებმა მიაწოდეს. ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისა და საავტორო უფლებების ყიდვა-გაყიდვის მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ინდივიდუალური შეხვედრები და პირისპირ მოლაპარაკებები.

საქართველოს ეროვნულ სტენდზე გაიმართა დისკუსია - კლასიკური და თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესახებ Georgian Fiction in 30 Minutes. დისკუსია არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა და მას ცნობილი გერმანელი გამომცემელი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე გაუძღვა. უცხოელ გამომცემლებს, კრიტიკოსებსა და ლიტერატურულ აგენტებს ქართველი მწერლებისა და მათი შემოქმედების შესახებ ინფორმაცია მთარგმნელმა და სცენარისტმა დავით გაბუნიამ მიაწოდა. ეროვნულ სტენდზე ასევე გაიმართა მიღება საქართველოს სახელით.

ასევე, ქართველი გამომცემლები მონაწილეობდნენ ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა გერმანიის, რუმინეთისა და საქართველოს საბავშვო წიგნის ბაზარს მიმოიხილეს და უმსხვილეს გერმანელ გამომცემლებს (Knesebeck Verlag, Loewe Verlag, Ravensburger Buchverlag, NordSüd Verlag, Magellan Verlag) ქართული საბავშვო წიგნები წარუდგინეს.