სიახლეები

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში თარგმანის III საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, „ლინ კოფინის თარგმანის სკოლა“ იმართება. სკოლას ცნობილი ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ლინ კოფინი ხელმძღვანელობს.

ცნობილი ამერიკელი მწერალი თბილისში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით იმყოფება.

სკოლის მუშაობის ფარგლებში, ლინ კოფინი შეხვდება ქართველ მთარგმნელებსა და გამომცემლებს. ათი დღის განმავლობაში ჩატარდება ვორქშოპები და ითარგმნება თანამედროვე ლიტერატურული ნაწარმოებები, მათ შორის გალაკტიონ ტაბიძის ჯერ უთარგმნელი ლექსები. დაგეგმილია საუკეთესო თარგმანების აშშ-ში გამოცემა.

III საერთაშორისო სკოლა კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებითა და ქართული ეროვნული წიგნის ცენტრის, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. სკოლა ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის შემდგომ პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ლიტერატურული პროცესების ინტერნაციონალიზაციას.

ამერიკელი პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი და მთარგმნელი, ლინ კოფინი დაიბადა ლონგ აილენდზე (ნიუ იორკი) 1943 წლის 12 ნოემბერს. დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი. ამავე უნივერსიტეტიდან მიიღო მაგისტრის ხარისხი. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლებისას მიიღო ხელოვნების მაგისტრის ხარისხი. ის ხელოვნების და კულტურის მსოფლიო აკადემიის (იუნისეფი) საპატიო დოქტორია. იყო Michigan Quarterly Review-ს ასოცირებული რედაქტორი და ასწავლიდა ინგლისურ ენას მიჩიგანის უნივერსიტეტში.

ლინ კოფინს თავისი პოეზია, პროზა და არამხატვრული ტექსტები გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათზე მეტ ყოველკვარტალურ თუ მცირე გამოცემებში, მათ შორის Catholic Digest და ჟურნალი Time. მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა გამოქვეყნდა Michigan Quarterly Review-ში, რომელიც შემდეგ 1979 წლის საუკეთესო ამერიკული პატარა მოთხრობების კრებულში მოხვდა და რომლის რედაქტორიც ჯოის ქეროლ ოუთსი იყო. მისი პიესები იდგმებოდა მალაიზიაში, სინგაპურში, ბოსტონში, ნიუ იორკში, დეტროიტში, ენ არბორში, სიეტლში. ის მონაწილეობდა ნობელის პრემიის ლაურეატი ისეთი პოეტების საღამოებში, როგორებიცაა იოსიფ ბროდსკი, ჩესლავ მილოში და ფილიპ ლევინი. მას ნათარგმნი აქვს იოსიფ ბროდსკის და ჩესლავ მილოშის პოეზია. 2013 წელს გამოვიდა ქართული პოეზიის მისეული თარგმანების ორენოვანი კრებული “Georgian Poetry. Rustaveli to Galaktion”, რომელიც გამომცემლობა Slavica-მ დასტამბა. ნათარგმნი აქვს დათო ბარბაქაძის, გივი ალხაზიშვილის და გიორგი კეკელიძის ლექსები. „ვეფხისტყაოსნის“ ლინ კოფინეულმა პირველმა გალექსილმა თარგმანმა წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანის ნომინაციაში.