სიახლეები

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ევროპის გერმანულენოვან ქალაქებში ქართველ მწერალთა ლიტერატურული ტური მიმდინარეობს.

კილის, ფრანკფურტის, ციურიხის ლიტერატურის სახლები, ნიურნბერგის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმი ხუთ თანამედროვე ქართველ ავტორს მასპინძლობს.

გერმანულენოვანი გამომცემლებისა და ქართული ლიტერატურით დაინტერესებული მკითხველის წინაშე ლაშა ბუღაძე, აკა მორჩილაძე, თამთა მელაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი და ზაზა ბურჭულაძე წარდგებიან. მათი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ ენაზე და გამოცემულია სხვადასხვა მნიშნელოვან გერმანულ თუ შვეიცარულ გამომცემლობაში.

ტურის ფარგლებში, ბერლინის ლიტერატურულ კოლოკვიუმში (Literarisches Colloquium Berlin) ლიტერატურული საღამო „ქართული ღამე“ გაიმართება. ღონისძიებას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე გაუძღვება, მუსიკალურ გაფორმებაზე ქართული ჯაზ ტრიო Giorgi Kiknadze Trio იზრუნებს. რეპერტუარში წარმოდგენილი იქნება ქართველი კომპოზიტორების: გია ყანჩელის, რევაზ ლაღიძის ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები.